რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს – CNN

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი, შესაძლოა, ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადოს. ინფორმაციას CNN-ი აშშ-სა და დასავლეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, 9 მაისს, როდესაც მოსკოვი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას აღნიშნავს, პუტინი უკრაინაში სამხედრო წარმატების მიღწევის ან საბრძოლო მოქმედების ესკალაციას შესახებ გამოაცხადებს.

უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებულ საომარ მოქმედებებს რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, რომლის მიზანია უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

ამასთან ერთად, ამერიკის მაღალჩინოსნების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ პუტინმა უკრაინას ომი ოფიციალურად სწორედ 9 მაისს გამოუცხადოს, რაც სამხედრო ძალების სრული მობილიზაციის უფლებას მისცემს.

ასევე, აშშ-ს ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ ამერიკის დაზვერვის "მაღალი სანდოობის" მქონე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია მაისის შუა რიცხვებში ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიას აპირებს. ამას გარდა, იგეგმება ხერსონის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შექმნაც, რომელიც მომავალაში ასევე ანექსირებული იქნება. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები