რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: მოსკოვში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სამოქალაქო შენობების სახურავებზე განათავსეს

რუსული დამოუკიდებელი მედია Агентство სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით წერს, რომ მაისის ბოლოდან მოსკოვში საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების სახურავებზე საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება დაიწყეს.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ "პანცირის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე მონტაჟდება. ვიდეობში ვერტმფრენებს კორპუსების სახურავზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გადააქვთ.

ერთ-ერთი ასეთი სისტემა, გავრცელებული კადრების მიხედვით, ჩერტანოვოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს "ავენიუ 77"-ზე განათავსეს. კიდევ ერთი მსგავსი ოპერაცია ვეშნიაკოვსკაიას ქუჩაზე გადაიღეს. მაისის ბოლოს "პანცირი" დამონტაჟდა "როსნეფტის" კორპორაციული შენობის სახურავზეც, ხოლო ივნისის დასაწყისში — საცხოვრებელ კომპლექს "დომ ვ სოკოლნიკახზე".

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, სამოქალაქო შენობებზე საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებამ შესაძლოა ეს ობიექტები სამხედრო სამიზნეებად აქციოს.

ექსპერტები ასევე მიუთითებენ შენობების კონსტრუქციულ უსაფრთხოებაზე. მათი თქმით, საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობა მსგავსი სამხედრო სისტემების დასამონტაჟებლად არ არის დაპროექტებული.

ეს მოქმედებები მოსკოვზე უკრაინის იერიშების გახშირების ფონზე ხდება.

კომენტარები