რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსში შეიარაღებული ძალების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

ალექსანდრ ლუკაშენკო ზაპად 2017-ის წვრთნებზე
სერგეი გაპონი/AFP

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.

"ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში დაიწყო რეაგირების ძალების მოულოდნელი შემოწმება, რომლის ფარგლებშიც სამხედრო შენაერთებსა და დანაყოფებს მოუწევთ შეიმუშავონ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, დანიშნულების ადგილისკენ მარშისა და სასწავლო-საბრძოლო დავალებების შესრულების საკითხები". – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ბელარუსი შემოწმების მიზნად სამხედროების მზადყოფნის შეფასებას ასახელებს.

"შემოწმების მიზანი - შესაძლო კრიზისული სიტუაციის გაჩენის შემთხვევაში, პერსონალის მზადყოფნისა და შესაძლებლობის ოპერატიული რეაგირების შეფასება". – ნათქვამია განცხადებაში. 

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს სწავლება "არ ატარებს არანაირ საფრთხეს არც ევროპული საზოგადოებისთვის და არც მეზობელი ქვეყნებისთვის".

ბელარუსის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, პროცესში მონაწილეობას მიიღებს დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა, რამაც მოქალაქეებს, შესაძლოა, გადაადგილებაში ხელი შეუშალოს. 

გასულ ღამეს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარში უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

ბელარუსის ტერიტორია რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის გამოიყენა, თუმცა თავად ბელარუსი სამხედროები ომში აქამდე არ ჩართულან.

კომენტარები