ბორჯომი

ხუციშვილი: ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ ბორჯომმა საქმიანობა გააგრძელოს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ კომპანია ბორჯომმა საქმიანობა გააგრძელოს. მას კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე არ უსაუბრია, თუმცა, დაადასტურა, რომ მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს.

"არის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის კომპანია თუ პირი, რომ მოხვდეს სანქცირებულთა სიაში. ამ შემთხვევაში, ბორჯომს ნამდვილად დაუდგა პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ მისი დამფუძნებლების გარკვეული ნაწილი სანქცირებულთა სიაში მოხვდა. რამაც, შესაბამისად, მის საოპერაციო საქმიანობაზე ჰპოვა ასახვა. კომპანიას შეზღუდული აქვს საოპერაციო საქმიანობა. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ თავისუფლად გააგრძელოს ოპერირება. ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ კომპანია ბორჯომმა საქმიანობა, პროდუქციის წარმოება და საოპერაციო საქმიანობა გააგრძელოს. ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული ამ კომპანიაში და ეს პროცესი მნიშვნელოვანია. კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ახლა ვერ ვისაუბრებ, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება, რომ საჯარო გახდეს ასეთი ინფორმაცია". - ამბობს ხუციშვილი.

კომპანია ბორჯომი სანქციების გამო წარმოებას დროებით აჩერებს - IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტს Alfa Group-ი ფლობს. Alfa Group-ის დამფუძნებელი კი რუსი სანქცირებული მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია. 

კომენტარები