რუსული გაზი

დუდა: რუსული გაზის შეწყვეტას ველოდი, მშვიდად მივიღეთ, სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, "გაზპრომის წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება". ის დარწმუნებულია, რომ პოლონური გაზის კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ რუსული მხარისგან გაზის მიწოდების შეწყვეტისა და ხელშეკრულების დარღვევისთვის.

"პოლონური კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები რუსული გაზის მიწოდებაზე, შეწყვეტილი ხელშეკრულების წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ. მე მტკიცედ მჯერა, რომ ისინი აიღებენ კომპენსაციას შეთანხმების დებულებების დარღვევისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“, - თქვა დუდამ ჩეხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან გაზის შეწყვეტას ელოდა.

"ფაქტია, რომ რუსებმა "ონკანი გადაკეტეს". მართლაც, გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთი წყვეტს გაზის მოწოდებას ჩვენს ქვეყანაში. ეს მშვიდად მივიღეთ. უნდა ვაღიარო, რომ ამას ველოდი მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ გაზით შანტაჟი უკრაინის წინააღმდეგ" - განაცხადა ანდჟეი დუდამ და აღნიშნა, რომ "პოლონეთს აქვს ადეკვატური შესაძლებლობები, რათა აბონენტებმა საერთოდ არ იგრძნონ" რუსული გაზის შეწყვეტა.

"ჩვენ ამ პრობლემას გავუმკლავდებით" - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ქვეყანაში გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო რუსეთი პოლონეთზე მიზანმიმართულ თავდასხმაში დაადანაშაულა. პოლონეთის პარლამენტის სეიმში გამოსვლისას, მორავიეცკიმ კანონმდებლებს ალტერნატიული გაზის მილსადენები შესთავაზა და თქვა, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის პოლონეთს რუსული გაზი აღარ დასჭირდება. 

"ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე [...] მაგრამ ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით". - ამბობს მორავიეცკი. 

პოლონეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებას რვა მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ასევე, ნორვეგიაში ახალი ბალტიის გაზსადენის მშენებლობა 3 თვეში დასრულდება, რომელიც პოლონეთს 10 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდის. 

გარდა ამისა, პოლონეთს ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG სლოვაკეთთან მშენებარე ახალი ტრანსსასაზღვრო მილსადენიდანაც მიეწოდება.

მორავიეცკი ამბობს, რომ პოლონეთი რამდენიმე დღეში ინტერკონექტორს [მაღალი ძაბვის კაბელი, რომელიც მეზობელი ქვეყნების ელექტროსისტემებს აკავშირებს] ლიტვასთანაც გახსნის. პოლონეთს ინტერკონექტორები გერმანიასთან და ჩეხეთთან უკვე აქვს. 

"ჩვენ ამ შანტაჟის წინაშე ქედს არ ვიხრით. მინდა, დავარწმუნო ჩვენი თანამოქალაქეები, რომ პუტინის ქმედებები პოლონეთში არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. რუსეთი არამხოლოდ უკრაინას, არამედ ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებას ესხმის თავს.

უკრაინა ფრონტის ხაზზეა. ჩვენ, ყველა ევროპულმა ქვეყანამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ბრძოლა მშვიდობისთვის, ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, რუსეთის წინაშე, ქედს ვერ მოვიხრით". - თქვა მატეუშ მორავიეცკიმ. 

რუსულმა ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა. მიზეზი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

კომენტარები