რუსული გაზი

რუსეთმა და უკრაინამ გაზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმეს

უკრაინა და ევროპა რუსული გაზის გარეშე არ დარჩებიან. ბრიუსელში დაძაბული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისთვის გაზის მოწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. დოკუმენტს ხელი უკრაინის და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრებმა და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში მოაწერეს. მთავარი უთანხმოება მხარეებს შორის რუსული მხარის მიერ ფინანსური გარანტიების მოთხოვნა გახდა. გაზპრომის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკომისია მზადაა, მოსკოვს გარანტიები წერილობით მისცეს. შეთანხმების მიხედვით, უკრაინა ათას კუბურ მეტრში 385 დოლარს გადაიხდის, ასევე გაზპრომს დავალიანების დასაფარად  მილიარდ 400 მილიონ დოლარს, წლის ბოლომდე კი კიდევ მილიარდ 650 მილიონს გადაურიცხავს. ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არიან, უკრაინას გაზის საფასურის გადახდაში დაეხმარონ.

"ევროკომისიის მხარდაჭერით, უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს დროებით შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გაზის მოწოდება ზამთრის განმავლობაში განხორციელდეს. კმაყოფილი ვარ, რომ  თანამშრომლობის ლოგიკამ და საღმა აზრმა გაიმარჯვა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის კონტინენტზე ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ევროპას ამიერიდან ცივი ზამთრის აღარ შეეშინდება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის იური პროდანის თქმით კი, "ევროკომისიასთან ერთად შევძლებთ საჭირო დაფინანსების უზრუნველყოფას იმისთვის, რომ გაზის საჭირო რაოდენობა შევისყიდოთ და ევროპაში უსაფრთხო ტრანზიტი უზრუნველვყოთ". 

ამასთან, კიევში მომავალი მმართველი კოალიციის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პრეზიდენტ პოროშენკოს ბლოკის, პრემიერ იაცენიუკის პარტია სახალხო ფრონტისა და მესამე ადგილზე გასული გაერთიანება სამოპომიჩის წარმომადგენლებმა მიიღეს. ნაციონალისტური პარტია სვობოდას მომხრეებმა კი საპროტესტო აქცია გამართეს. მაიდნის ერთ-ერთი ლიდერის ოლეგ ტიაჰნიბოკის პარტია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. წინასწარი შედეგების თანახმად, პარტიას 5%-იანი ბარიერის დაძლევამდე 0.25% დააკლდა.

კომენტარები