რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინას დასახმარებლად 8 ჯავშანმანქანას გადასცემს

კანადა უკრაინას დასახმარებლად 8 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

"მინდა გაცნობოთ, რომ კომპანია Roshel-ის მიერ წარმოებულ 8 ჯავშანმანქანას კანადა უკრაინას გადასცემს. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მათ რაც შეიძლება სწრაფად მივაწვდით". - წერს ანიტა ანანდი.

თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებას კვლავაც განაგრძობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

კომენტარები