რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთს ევროპის ერთიანობის დაშლა სურს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვის ქმედებებზე ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსეთის თვითმიზანი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთიანობის დაზიანებაა

"რუსეთის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაშლა და დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენება" - თქვა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმარკმა კი თქვა, რომ რუსეთი მთელი ევროპის გაზით დაშანტაჟებას იწყებს.

"რუსეთი ჩვენი მოკავშირეების ერთიანობის დარღვევას ცდილობს". - ამბობს ერმარკი. 

ბულგარეთმა, რომელიც რუსუთიდან იმპორტირებულ გაზზე თითქმის სრულად არის დამოკიდებული, განაცხადა, რომ ქვეყანამ ყველა სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა, ხოლო ახალი შემოთავაზებული გადახდის სქემა შეთანხმების პირობებს არღვევს. 

ასევე, ბულგარეთმა თხევადი გაზის თურქეთსა და საბერძნეთიდან მიწოდებისთვის სასწრაფო მოლაპარაკებები უკვე გამართა. 

გაზრომის ცნობით, პოლონეთს ახალი ბრძანების შესაბამისად უწევდა გაზის საფასურის გადახდა, ხოლო ბულგარეთთან დაკავშირებით, კომპანიამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. 

გუშინ, 26 აპრილს ბულგარეთმა და პოლონეთმა რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილიდან შეუწყდებათ. მიზეზი ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. 

პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. 

კომენტარები