აშშ-უკრაინა

ჯო ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე კანდიდატად ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა დაადასტურა. ბრინკის ელჩად საბოლოოდ დანიშვნისთვის სენატის თანხმობა იქნება საჭირო.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს გამოაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ს ელჩის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცდილი დიპლომატი, ბრიჯიტ ბრინკი წარდგინოს". - ამბობენ თეთრი სახლის პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს უკრაინაში ელჩი 2019 წლის შემდეგ არ ჰყოლია. ბოლოს ამ თანამდებობაზე მარი იოვანოვიჩი იყო დანიშნული.

ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად სლოვაკეთში აშშ-ს ელჩი გახლავთ. ის ამ თანამდებობაზე 2019 წელს დონალდ ტრამპმა დანიშნა. ბრინკი 2011 წელს საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილედაც დაინიშნა.

ასევე, ცნობისთვის, 2018 წლის იანვარში Foreign Policy-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩობის აშშ-ის მიერ განხილული კანდიდატი, ბრიჯიტი ბრინკი საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა. საქართველოს ხელისუფლებამ კი ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები