რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვეიცარიამ გერმანიას მის მიერ წარმოებული საბრძოლო მასალის უკრაინაში რეექსპორტი აუკრძალა

REUTERS/Alexander Ratz

შვეიცარიამ გერმანიას მის მიერ წარმოებული საბრძოლო მასალის უკრაინაში რეექსპორტზე უარი უთხრა. ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიულ გამოცემა SonntagsZeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიას უკრაინისთვის უნდა მიეწოდებინა Marder-ის საბრძოლო მანქანები, რომლებიც შვეიცარიაში წარმოებულ დეტალებს იყენებს. ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სამდივნოს სპიკერის თქმით, მათ გერმანიისგან უკრაინაში საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ ორი მოთხოვნა მიიღეს.

"ორივე მოთხოვნას უარყოფითი პასუხი გაეცა შვეიცარიის ნეიტრალიტეტისა და საბრძოლო მასალის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულო უარყოფის მიზეზით". – თქვა სპიკერმა.

შვეიცარიამ გადაუხვია წარსულ პრაქტიკას და უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა აცხადებს, რომ ნეიტრალური სტატუსი არ იძლევა კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდების უფლებას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები