აღდგომა 2022

აღდგომის ღამეს მსოფლიო პატრიარქმა უკრაინაში ომს ენით აღუწერელი ტრაგედია უწოდა

REUTERS/Murad Sezer

მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომე პირველმა აღდგომის ღამეს უკრაინაში ომს "ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედია" უწოდა და ალყაში მყოფი ქალაქებიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის მოწოდებით გამოვიდა.

მსოფლიო პატრიარქის თქმით, იმედოვნებს, რომ აღდგომა იქნება "სტიმული ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად და მარიუპოლში ალყაში მოქცეული ათასობით ადამიანისთვის უსაფრთხო გასასვლელის შესაქმნელად რეალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე".

"იგივე ეხება უკრაინის ყველა სხვა რეგიონს, სადაც ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედია ხდება [...] ჩვენ კიდევე ერთხელ მოვუწოდებთ, სასწრაფოდ შეწყდეს ძმათამკვლელი ომი, რომელიც, ისევე როგორც ნებისმიერი ომი, ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას". – თქვა მსოფლიო პატრიარქმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები