უკრაინა-ევროკავშირი

Heute: ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი უკრაინის ეროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გაზეთი Heute ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შალენბერგმა ამ საკითხზე ავსტრიაში გამართულ ევროპული მედიის სამიტზე ისაუბრა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი ივნისში არ უნდა მიიღოს, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი ელოდება. შალენბერგი ამას იმ მიზეზით ხსნის, რომ არსებობენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებმაც ამ სტატუსის მისაღებად გაცილებით დიდი გზა გაიარეს.

მინისტრი აგრეთვე მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირთან დაახლოებისთვის არა მასში გაწევრიანება, არამედ სხვა გზები უნდა შესთავაზონ. მაგალითად ის, რომ უკრაინა შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონას, ან ასოცირების ხელშეკრულების არსებული დონე შეინარჩუნოს.

18 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შევსებული კითხვარი ევროკავშირის წარმომადგენელს გადასცა

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია. უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის შევსება ერთ კვირაში დაასრულა. 

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი იგორ ჟოვკვა თვლის, რომ უკრაინა ევროკავშირში უახლოეს წლებში გაწევრიანდება.

კომენტარები