უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "არასამართლიანი" უწოდა გერმანული მხარის წინადადებას, რომ უკრაინას ევროკავშირის "ასოცირებული წევრის" სტატუსი მიანიჭონ, რაც უკრაინისთვის EU-ს სამიტებსა და მინისტერიალებზე ხმის მიცემის უფლების გარეშე დასწრებას მოიცავს.
"არასამართლიანი იქნებოდა, რომ უკრაინა ევროკავშირში იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ხმის გარეშე დარჩეს," აღნიშნა ზელენსკიმ Reuters-ის მიერ ნანახ წერილში.
"შესაფერისი დროა, რომ [EU-ში] უკრაინის სრულმნიშვნელოვანი წევრობის მხრივ წინსვლა მოხდეს," განაცხადა მან და დაამატა, რომ "უკრაინა იმსახურებს სამართლიან მიდგომასა და თანასწორ უფლებებს ევროპაში."
Reuters-ის ინფორმაციით, მანამდე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოვიდა წინადადებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შუალედური ეტაპის სახით უკრაინას EU-ს სტრუქტურებში პირდაპირი – ხმის მიცემის უფლების გარეშე – როლი მიენიჭოს, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის დასამთავრებლად შეთანხმების დადებას შეუწყოს ხელი.
თუმცა, გამოცემის ცნობით, პასუხად ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის რეფორმებს სწრაფად ატარებს და, ამავდროულად, ბლოკს რუსული აგრესიისგან იცავს.
"ჩვენ ევროპას ვიცავთ, სრულად და არა – ნაწილობრივ და არც ნახევრად." – ამბობს ზელენსკი წერილში, რომლის ადრესატებიც არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდულიდისი, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროპის კავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარეა.




