წყნეთი

წყნეთში მოკლული კაცის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება – POG

ტაბულა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, წყნეთში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს ბრალდება წარუდგინეს. მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

შემთხვევა წყნეთში 18 აპრილს მოხდა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პოლიცია იქ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მივიდა.

"შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული. მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა, პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა". - ამბობენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. 

პოლიციელი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ( მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები