წყნეთი

წყნეთში მოკლული კაცის საქმეზე დაკავებულ დეტექტივს პატიმრობა შეეფარდა

ტაბულა

წყნეთში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს, ერიკ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა, ის მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ერიკ წურწუმიამ თქვა - "სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი ამ მძიმე მარხვაში. ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ვერაფერს ვერ შევცვლი".

შემთხვევა წყნეთში 18 აპრილს მოხდა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პოლიცია იქ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მივიდა.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ( მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები