ევროპული საქართველო

ევროპელებმა და აფხაზთა კრებამ დევნილების ბინებით უზრუნველყოფისთვის ინიციატივა წარადგინეს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო და აფხაზთა კრება ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ რიყის დოქებისა და წყნეთის აგარაკების პრივატიზაციის შედეგად ბიუჯეტში მიღებული 56 950 000 ლარი დევნილების ბინებით უზრუნველყოფისთვის გამოიყენონ.

პარტიის წევრის, ლაშა დამენიას თქმით, თუ მთავრობა ამ თანხებს დევნილების ბინებით დაკმაყოფილებისკენ მიმართავს, მათ 1 000-მდე ოჯახის დაკმაყოფილება შეუძლიათ.

"თუ საქართველოს ხელისუფლება დღეს არის მზად ეს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, კონკრეტული თანხა, რომელიც არ არის გაწერილი ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტისა, ამ თანხით მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რომ 1000-მდე ოჯახი იქნას დაკმაყოფილებული და მათ მოიპოვონ ღირსეული საცხოვრისი საშუალებები. ჩვენ ევროპული საქართველო და აფხაზთა კრება მოვითხოვთ, რომ დასრულებული გასახლების პერიოდი, რომელიც ფაქტობრივად დაგეგმილი აქვს ქართულ ოცნებას, გაწელილი შეიძლება იქნას 15 წელიწადზე, ესეც ოპტიმისტური გეგმებით, ქართული ოცნების პირობებში ალბათ ესეც ვერ მოხერხდება. აუცილებელია, ყველა ის თანხა, რომელიც იქნება შემოსული ბიუჯეტში მიმართული იქნას ამისკენ". – თქვა დამენიამ.

აფხაზთა კრების წარმომადგენლის, მალხაზ პატარაიას თქმით, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა დღეის მდგომარეობით, ბინა დევნილების ნახევრისთვისაც კი არ გადაუციათ.

"დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა არის სახელმწიფოს ვალდებულება და ეს ვალდებულება გრძელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ, 30 წელია ეს ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს, მაგრამ დღეის მდგომარეობით დევნილების ნახევარიც კი არ არის დაკმაყოფილებული, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე ოპტიმისტური მოლოდინია კიდევ 15 წელი იმისთვის, რომ დევნილები დაკმაყოფილდნენ ღირსეული საცხოვრისით". – მალხაზ პატარაია.

19 აპრილს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მომავალ 3-4 წელიწადში 13 000-მდე დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს. მთავრობის განმარტებით, დაახლოებით, 6 000 დევნილს გადაეცემა სახლები სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში, ხოლო 7 000 დევნილისთვის ახალი კორპუსები აშენდება.

კომენტარები