ევროპული საქართველო

"შესაძლებელია, რომ ყურადღების ცენტრში მოვექცეთ" – ევროპული საქართველო აფხაზთა კრებას შეხვდა

ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ აფხაზთა კრებასთან შეხვედრა გამართა. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. ბოკერია აღნიშნავს, რომ უკრაინელების გმირული ბრძოლის ფონზე შესაძლებელი გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში საქართველოში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკეც მოექცეს.

"ის, რაც აქამდე საერთაშორისო თვალსაზრისით უფრო რთული იყო წინ წამოსაწევად, უკრაინელი ხალხის ამ გმირული ბრძოლის ფონზე, პუტინის ბოროტების იმპერიის მხრიდან ამ ხელახალი სისასტიკის ფონზე, შესაძლებელია, რომ იქნას ყურადღების ცენტრში მოქცეული საერთაშორისო თანამეგობრობისა და კონკრეტულად საერთაშორისო ტრიბუნალების. ოღონდ, ამისთვის მუშაობას, რა თქმა უნდა, სჭირდება მთავრობა, რომელსაც ეს ეროვნული ამოცანა გააჩნია. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც ეს ეროვნული ამოცანა გააჩნია. მიუხედავად ამისა, და მანამ, სანამ ჩვენ ამ მთავრობის შეცვლას მოვახერხებთ, მნიშვნელოვანია რომ გარკვეული ნაბიჯები ახლაც გადავდგათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ ყურადღების ფოკუსირებისთვის იმ დანაშაულებზე, რაც ჩადენილი აქვს რუსეთის იმპერიას საქართველოს ტერიტორიაზე მთელი ამ წლების განმავლობაში და რა ნაბიჯებსაც დღეს უნდა ვითხოვდეთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, როცა ხელისუფლება შეიცვლება, რა ნაბიჯებს უნდა მივაღწიოთ იმისთვის, რომ დამნაშავეები იქნან დასჯილნი.

ამ მთელ წყებაზე საკითხებისა გვქონდა დღეს პირველი შეხვედრა ამ კუთხით აფხაზთა კრებასთან და ჩამოვწერეთ მიმართულებები, რა მიმართულებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საჯარო ღონისძიებები და საერთაშორისო ასპარეზზე აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ იმავე მიმართულებით, რა ფორმითაც ჩატარდა ევროპული საქართველოს აქცია რუსთაველზე, რითაც ჩვენ ვცდილობთ რომ აქამდე არასტანდარტული ფორმით მივიპყროთ როგორც ქვეყნის შიგნით მოქალაქეების ყურადღება, ისე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ფოკუსის დაბრუნებაზე. ასეთი ფორმით ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა აფხაზთა კრებასთან, ყველა ამ პრობლემაზე, რომელიც, სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არ აღელვებს და პირიქით, მიჩქმალვითაა დაკავებული". – თქვა გიგა ბოკერიამ.

აფხაზთა კრების წარმომადგენლის, მალხაზ პატარაიას თქმით, უკრაინაში რუსეთის ქმედებები ჰგავს აფხაზეთში ჩადენილს, თუმცა ეს საზოგადოებასა და სახელმწიფოს დავიწყებული აქვს. 

"ერთი სოფლის მაგალითი მინდა გიჩვენოთ, ეს არის ახალდაბა. 450 კომლი ცხოვრობდა ამ სოფელში და არცერთი სახლი მთელი არ არის. მთელი კი არა, საერთოდ არ არსებობს არცერთი სახლი. სადაც არ უნდა დაადო თითი აფხაზეთის რუკას, ყველგან ბუჩაა, ყველგან მარიუპოლია ქართველების მიმართ. აქ ცხოვრობდა 450 კომლი და ერთ დღეს, 19 სექტემბერს 120-მდე ადამიანი ფიზიკურად განადგურდა საშინელი ფორმებით, ეს იყო დაწვა, მკვლელობა, დახვრეტა, დანაწევრება, ტანკით გასრესა და ასე შემდეგ. ამას მეორე ნაწილიც აქვს, კიდევ უფრო მძიმე ნაწილი. 350-მდე ქალი მეზობელ სოფელში გადასხეს და ჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკში, რომელიც ერთდროულად იყო რუსეთის ჰარამხანაც 25 დღის განმავლობაში.

დღეს, როცა ლაპარაკობენ მცირეწლოვნებისა და მოხუცების გაუპატიურებაზე, ეს ყველაფერი მომხდარია ახალდაბაში. ეს არის ტიპური მაგალითი, რაც ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან მიმართებაში და რაზეც, სამწუხაროდ, შევარდნაძის ხელისუფლებას არ ჰქონია სათანადო რეაგირება. დღეს ამბობენ დასავლეთში, ჩვენ რომ გაგვეზიარებინა საქართველოს წუხილები, დღეს უკრაინა არ მოხდებოდაო, ზუსტად ეს მდგომარეობაა. ეს რომ თავის დროზე შესრულებულიყო როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ალბათ ის გენოციდი, რაც მოხდა უკრაინაში, დღეს არ იქნებოდა". – თქვა პატარაიამ შეხვედრაზე.

კომენტარები