რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუბლის კურსი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა – ხელოვნური და ბუნებრივი მიზეზები

რუსეთის უკრაინაში შეჭრისას რუბლის კურსის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ვალუტა ომამდელ ღირებულებას დაუბრუნდა - $1 კვლავ 81 რუბლს შეადგენს. თუმცა, მიზეზები, რომელთა საშუალებითაც ოფიციალური გაცვლითი კურსი ხელოვნურად დასტაბილურდა, რუსეთის ეკონომიკისთვის დამატებითი პრობლემების მომასწავებელია.

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანაში ფინანსური შოკი გამოიწვია, რასაც მკვეთრი პოლიტიკური პასუხი მოჰყვა. 28 თებერვალს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კაპიტალზე კონტროლი გაამკაცრა. შეზღუდვები გავრცელდა სავალუტო ვაჭრობაზეც, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 20%-მდე გაიზარდა. 

მიუხედავად სწრაფი პოლიტიკური პასუხისა, რუბლი 81-დან 139-მდე გაუფასურდა (გავრცელებული ინფორმაციით, შავ ბაზარზე კურსი გაცილებით მაღალი იყო) ინფლაცია დაჩქარდა, სამომხმარებლო ფასების ოფიციალური ინდექსის ზრდის ტემპი ერთ კვირაში 2%-ით გაიზარდა, რაც წლიურად 181%-ია. მოგვიანებით კი 1%-მდე, ანუ წლიურ 68%-მდე იკლო.

ამის შემდეგ, რუბლი დაუბრუნდა ომამდელ ნიშნულს, თუმცა ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას. ზოგადად, როდესაც ვალუტით საერთაშორისო ვაჭრობა მკაცრად შეზღუდულია, მისი გაცვლითი კურსი საბაზრო ღირებულების ეკვივალენტური არ არის. მსგავსად საბჭოთა ეპოქისა, როდესაც კომუნისტური პარტიის გაზეთი "პრავდა" იუწყებოდა, რომ 1 რუბლის ღირებულება $0.6 იყო, ამას არავინ განიხილავდა, როგორც ვალუტის რეალური სიმტკიცის მაჩვენებელს.

ხელოვნური ჩარევის გარდა, არსებობს ხელშესახები ნიშნები, რომ რუბლზე ზეწოლა იკლებს. აპრილის დასაწყისში, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დოლარის შესაძენად 12%-იანი საკომისიო მოხსნა და რაც მთავარია, რეფინანსირების განაკვეთი 20%-დან 17%-მდე შეამცირა

ვინაიდან დაწესებული შეზღუდვების ფონზე რუსულ იმპორტზე მოთხოვნამ იკლო, ქვეყანაში მოთხოვნა შემცირდა დოლარზეც - რაც რუბლის გაცვლით კურსზე დადებითად აისახა. უფრო მეტიც, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს დოლარის გამოყენების უფლებას მასში დენომინირებული ვალის დაფარვისთვისაც კი არ აძლევს, კიდევ უფრო ამცირებს დოლარზე მოთხოვნას - შესაბამისად, ‘დადებითად’ მოქმედებს რუბლის კურსზე.

მეორე ობიექტური ფაქტორი, რომელმაც რუბლის გამყარებას ხელი შეუწყო, ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასია. ბუნებრივია, ენერგორესურსებზე ფასების მატება რუსეთში ამ პროდუქტისგან მიღებულ შემოსავალს ზრდის. ნავთობისა და გაზის ინდუსტრიების გამო, რუსეთში ექსპორტი აჭარბებს იმპორტს. დაწესებულმა სანქციებმა ექსპორტზე მეტად, იმპორტის შეზღუდვა გამოიწვია. 

რუბლის გამყარებას რუსეთის ეკონომიკურ ზრდაზე საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები არ შეუცვლია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2022 წელს დასავლეთის მიერ რუსეთის ბანკებზე, სახელმწიფო საწარმოებსა და სხვა ინსტიტუტებზე დაწესებული სანქციების გამო, ქვეყნის მშპ 11.2%-ით შემცირდება, ხოლო ევროპის რეკონსტრუირებისა და განვითარების ბანკის (EBRD) ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წელს რუსეთის ეკონომიკას 10%-ით შეამცირებს. ამ მონაცემს რუსეთის ანგარიშების პალატის ხელმძღვანელი, ალექსეი კუდრინიც ეთანხმება. 

რომ შევაჯამოთ: რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ რუბლის კურსი ხელოვნურად არის დადგენილი. კურსით მანიპულირება შესაძლებელია ორი ფაქტორის გამო: ა) რუბლი აღარ არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა, ბ) რუბლი თითქმის აღარ არის საერთაშორისო ვაჭრობის ბრუნვაში. ეს მოცემულობა სსრკ-ს დროინდელ პერიოდს ემსგავსება, როდესაც ოფიციალური გაცვლითი კურსი არ ასახავდა ვალუტის რეალურ ღირებულებას. რუბლის დროებით დასტაბილურება, გარდა ხელოვნური ჩარევისა, გამოწვეულია ნავთობზე ფასების გაზრდითა და ქვეყანაში დოლარზე მოთხოვნის შემცირებით. მოვლენების ამგვარი განვითარების ფონზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუკი ევროკავშირი საბოლოოდ გადაწყვეტს რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას, ეს იქნება ის გამოუსწორებელი ეკონომიკური ზიანი, რომელსაც რუსეთი ხელოვნური ბერკეტების საშუალებითაც ვერ გამოასწორებს.

კომენტარები