რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EBRD: რუსეთ-უკრაინის ომი ეკონომიკურ ზრდის ტემპს უკრაინის გარდა, სხვა 33 ქვეყანაშიც შეანელებს

ევროპის რეკონსტრუირებისა და განვითარების ბანკის (EBRD) ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის 10%-თ, ხოლო უკრაინის ეკონომიკის 20%-ით შემცირებას გამოიწვევს. 

EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთში ეკონომიკური ვარდნა, სავარაუდოდ, გადაიქცევა სტაგნაციის ხანგრძლივ პერიოდად, ხოლო რუსეთისგან გამოწვეული მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზარალი მომავალ წელს აღდგება, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ცეცხლს შეწყვეტს. 

მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უკრაინა მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო მეტად დაზარალდება, რუსეთი უფრო გრძელვადიანი გამოწვევის წინაშე დგას. მას შემდეგ, რაც რუსული ბაზრიდან დასავლური კომპანიების უდიდესი ნაწილი გავიდა, რუსეთის ეკონომიკა თითქმის სრულად იზოლირებულია. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე ომის ფონზე უკრაინაში ბიზნეს სექტორის, დაახლოებით, 1/3 აღარ ფუნქციონირებს. 

EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, თუ მომდევნო ორ თვეში ომი დასრულდება, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 1/5-ით შემცირდება, მაშინ, როდესაც ომამდე უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5% იყო. ხოლო 2023 წელს, რეკონსტრუქციული დახმარების შემთხვევაში, უკრაინის ეკონომიკა 23%-ით აღდგება. 

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ 23%-იანი პროგნოზი გამართლდება, უკრაინა მაინც ბევრად უფრო ღარიბი ქვეყანა იქნება, ვიდრე აქამდე, მხოლოდ იმიტომ, რომ მარაგების ძალიან დიდი ნაწილი განადგურებულია". - თქვა EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა, ბეატა იავორჩიკმა.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთში ომის დასრულების შემდეგ ეკონომიკური თვალსაზრისით სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. 

"იქნება ნაკლები ინვესტიცია, ნაკლები საერთაშორისო ვაჭრობა, რუსეთი ნაკლებად იქნება ჩართული გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში. ამ ყველაფრის შედეგი კი იქნება დაბალი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა". - ამბობს ბეატა იავორჩიკი.

EBRD-მა შეამცირა ზრდის პროგნოზები იმ 33 ქვეყანაში, სადაც ის ინვესტიციებს ახორციელებს. უკრაინის გარდა, ამ სიაშია ჩრდილოეთ აფრიკა, ცენტრალური აზია, კავკასია და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა. გამონაკლისია აზერბაიჯანი და თურქმენეთი, რომლებიც ბუნებრივი აირის მსხვილი მწარმოებლები არიან.

ასევე, EBRD-ის პროგნოზით, საქართველოსა და სომხეთში ენერგორესურსებსა და მარცვლეულზე მაღალი ფასი შენარჩუნდება, ვინაიდან სომხეთსა და საქართველოს აქვთ მაღალი საექსპორტო წილი რუსეთში. რეგიონული განვითარების ბანკის მიხედვით, მიმდინარე მოვლენები საქართველოს ტურისტულ სექტორზეც მოახდენს გავლენას და მნიშვნელოვნად შეაფერხებს მას.

კომენტარები