არჩევნები საფრანგეთში

ფრანსუა ოლანდი ფრანგებს მოუწოდებს, რომ არჩევნებში მხარი ემანუელ მაკრონს დაუჭირონ

ემანუელ მაკრონი და ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, არჩევნების მეორე ტურში მხარს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უჭერს.

"მე ფრანგებისთვის მორალის წაკითხვას არ ვაპირებ. მე ვარ ყოფილი პრეზიდენტი და ვიცი, რომ არჩევნებში მთავარია საფრანგეთის ერთიანობა, მისი ევროპული მომავალი და დამოუკიდებლობა. ამიტომ მოვუწოდებ ფრანგებს ხმა მისცენ ემანუელ მაკრონს. მაკრონის მხარდაჭერა ლე პენის დამარცხებას ნიშნავს“. - თქვა ფრანსუა ოლანდმა ტელეკომპანია TF1-ს საუბრის დროს. 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომ მაკრონმა ხმების 27% დააგროვა, ლე პენმა კი 23%.

ამასთან ერთად, საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ედუარდ ფილიპმა France Inter-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საფრანგეთი არჩევნებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს, ვინაიდან ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის გამარჯვების რეალური შანსი არსებობს. 

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლიდან არის. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. ლე პენი ულტრამემარჯვენე კანდიდატად მიიჩნევა, რომელიც ანტიმიგრაციული გზავნილებით გამოირჩევა. იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობს. 

საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, მაშინ არჩევნების მეორე ტური ინიშნება, რომელშიც სიის სათავეში მყოფი პირველი ორი კანდიდატი მონაწილეობს. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილსაა ჩანიშნული.

კომენტარები