რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირლანდია მხარს უჭერს უკრაინის EU-ში გაწევრიანებასა და რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კიევში თავის ირლანდიელ კოლეგას, საიმონ კოენს შეხვდა. მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც ირლანდიის მხრიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სრულ მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

"ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო საიმონ კოენისგან იმის მოსმენა, რომ ირლანდია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს მხარდაჭერა ძლიერი და ეფექტურია და ირლანდია იმუშავებს იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს". - განაცხადა კულებამ.

კომენტარი გააკეთა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

"გვჯერა, რომ უკრაინა დემოკრატიას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებით მიაღწევს. ირლანდია თქვენს ინტერესებს მყარად დაიცავს იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს. ჩვენ ასევე ვემხრობით, ევროკავშირის რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტში მივიღოთ რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება". - თქვა საიმონ კოენმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

 

კომენტარები