რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იელენი აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებიც სანქცირებულ რუსეთთან ურთიერთობით სარგებლობას ელიან

ჯანეტ იელენი

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებიც, უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთთან ურთიერთობით სარგებლის ნახვას ცდილობენ. ამის შესახებ მან Atlantic Council-ის ღონისძიების ფარგლებში ისაუბრა. 

"მაშინ, როცა ბევრმა ქვეყანამ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ საერთო პოზიცია დაიჭირა და ბევრმა კომპანიამ საკუთარი ნებით შეწყვიტა რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობა, ზოგიერთმა ქვეყანამ და კომპანიამ ეს არ გააკეთა. რამდენიმე სიტყვას ვიტყვი იმ ქვეყნებზე, რომლებიც გვერდზე გადგნენ და ალბათ ხედავენ შესაძლებლობას ნახონ სარგებელი რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებითა და სხვების მიერ დატოვებული სიცარიელის შევსებით. ასეთი მოტივაციები არაა შორსმჭვრეტელური". – თქვა იელენმა.

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივნის თქმით, სანქციის მიმღები ქვეყნები გულგრილად ვერ შეხედავენ იმ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. 

"მოდი, ცხადად ვთქვათ, სანქციების დამწესებელი ქვეყნების გაერთიანებული კოალიცია ვერ იქნება გულგრილი იმ ქმედებების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს". – აღნიშნა იელენმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები