ქუთაისი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს ასხამდნენ – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2019-2020 წლებში გამოვლინდა 20 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 45 შემთხვევა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, დროის მცირე მონაკვეთში, არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 19 ფაქტი.

აუდიტმა ასევე დაადგინა, რომ მერიამ შეიძინა მეორეული, ექსპლუატაციაში მყოფი ავტომობილები მნიშვნელოვანი გარბენით და საგარანტიო მომსახურების გარეშე. ავტომობილებზე უკვე იხარჯება თანხები რემონტისთვის და მოსალოდნელია, რომ ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხარჯები კიდევ გაიზრდება. ამასთანავე, კონსოლიდირებულ ტენდერში შეთავაზებული მანქანების საწვავის მოხმარება არსებითად ნაკლებია შესყიდული ტრანსპორტის საწვავის მოხმარებაზე

აუდიტის თანახმად, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 11 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი 2019 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 31 და კერძო საკუთრებაში არსებული
116 ავტომობილით, ხოლო 2020 წელს მერია იყენებდა თავის საკუთრებაში არსებულ 23 ავტომობილს და თხოვების ხელშეკრულება გაფორმებული იყო 105 კერძო საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე.

აუდიტის სამსახურისთვის წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 607.7 ათასი ლარის ღირებულების საწვავი, მათ შორის, 2019 წელს დახარჯულია 342.3 ათასი ლარი, ხოლო 2020 წელს − 265.4 ათასი ლარი.

ამასთან, შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი, ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით. მიუხედავად ამისა, 2019-2020 წლებში დაფიქსირდა შვებულების პერიოდში ავტომობილების საწვავით გამართვის 236 ფაქტი.100 ჯამში გახარჯულია 15.1 ათასი ლარის ღირებულების 6 ათასი ლიტრი საწვავი.

სახელმწიფო აუდიტის მიერ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზები სრულად იხილეთ აქ.

კომენტარები