ქუთაისი

ქუთაისში სოც. დახმარება გაიცა საჯარო მოხელეებზე, რომლებსაც სოლიდური ხელფასი აქვთ – აუდიტი

ფოტო: GELA RIABUKHA

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები ფინანსური რესურსების მართვაში, სოციალური დახმარების გაცემის პროცესში, ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებასა და სხვა სფეროებში.

სოციალური დახმარების გაცემის მართვის პროცესის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, სათანადო დასაბუთების გარეშე, სოციალური დახმარების სახით, ჯამში გაიცა 358.2 ათასი ლარი. დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც, თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ.

ფინანსური რესურსების მართვის შემოწმებისას გამოვლინდა:

მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 7.1% და 31.9% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

მგზავრთა მომსახურების ნაკლოვანებები:

მუნიციპალიტეტმა, მგფ-თან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, 22 669.5 ათასი ლარის ღირებულების ავტობუსები მიიღო. მერიამ არ გამოიყენა კონტრაქტით მინიჭებული უფლებები და არ მოითხოვა მიმწოდებლის მხრიდან ავტობუსების ხარისხის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა. შედეგად, მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის მართვის პროცესს გააჩნია არსებითი ნაკლოვანებები. ავტობუსების ხშირი დაზიანების გამო, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ვერ ახერხებს მგზავრთა სათანადო ხარისხით მომსახურებას.

უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები:

მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, 1 984.5 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

ქონების გასხვისების ხარვეზები:

მუნიციპალიტეტი, თავის საკუთრებაში არსებული მიწების აუქციონის წესით რეალიზაციის დროს, ქონების საწყისი ღირებულების განსაზღვრისთვის არ იყენებს დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებას, რითაც ირღვევა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ასევე, არსებობს მაღალი რისკი, რომ პირობითი აუქციონები გამოიყენება კონკურენციის შესამცირებლად და ქონების საბაზროზე დაბალ ფასად რეალიზაციის მიზნით.

მიუღებელი საიჯარო თანხა:

ქონების განკარგვის პროცესში არსებული კონტროლის სისუსტეების გამო, მერიამ ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.

არასათანადოდ განხორციელებული ბაზრის კვლევა:

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ − სპეციალურმა სერვისებმა, სპეცტექნიკის საბაზრო ფასის დასადგენად, ბაზრის კვლევა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩაატარა. შედეგად, არსებობს პროცესის იმგვარად წარმართვის რისკი, რომ ხელშეკრულება გაფორმებოდა წინასწარ შერჩეულ კომპანიას.

ინტერესთა კონფლიქტი:

მუნიციპალიტეტმა 128.8 ათასი ლარის საქონელი შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის მოადგილესთან დაკავშირებული საწარმოა. მოადგილე იმავდროულად იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. არსებობს რისკი, რომ ინტერესთა კონფლიქტმა გავლენა იქონია შესყიდვის შედეგებზე.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მართვაში არსებული ხარვეზები:

მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 125 ერთეულით აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.

კერძოდ, რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. 2019-2020 წლებში გამოვლინდა 20 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 45 შემთხვევა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, დროის მცირე მონაკვეთში, არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 19 ფაქტი.

კომენტარები