რუსეთი

დუმის ყოფილი დეპუტატი: პუტინის ყოფილი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაშია

ვლადისლავ სურკოვი და ვლადიმირ პუტინი
GettyImages

რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, ილია პონომარიევი FACEBOOK-ზე ავრცელებს, რომ ვლადიმირ პუტინის ყოფილი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი, შინაპატიმრობაში იმყოფება. 

გაგეცინებათ, მაგრამ ვლადისლავ სურკოვის დაკავების შესახებ რუსულმა Z- წყაროებმა გვითხრეს, რომ 
ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაშია. საგამოძიებო ღონისძიებები დონბასში გაფლანგვის საქმეზე 2014 წლიდან მიმდინარეობს".- წერს პონომარიევი. 

ის აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურკოვი არასდროს მოსწონდა და ახლა შეუძლია, რომ  "ოცნებები რეალობად აქციოს". ყოფილი დეპუტატი სურკოვისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის სიახლოვეზეც საუბრობს. 

"მეორეს მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა 2020 წლის თებერვალში ოფიციალური ბრძანებით გაათავისუფლა თანაშემწის თანამდებობიდან, სურკოვმა მაინც ისე იცის სეპარატისტულ ფსევდორესპუბლიკაში არსებული რეალური ვითარება, როგორც არავინ და მას აქვს ფართო კავშირები და ის დაახლოებულია რუს "დონბასის ვეტერანებთან". მესამე, სურკოვი ყოველთვის საკმაოდ ახლოს იყო კადიროვთან".- წერს პონომარიევი. 

სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-სთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან თანამშრომლობის მიმართულების კურატორად 2013 წელს დაინიშნა. მასვე ეხებოდა რუსეთის ურთიერთობის საკითხები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებთან. მანამდე, 2011-2013 წლებში ის ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.

უკრაინა სურკოვს აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების უშუალო ხელმძღვანელობაში ადანაშაულებდა. 2015 წელს უკრაინის უშიშროების  სამსახურმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებისთვის სამოქმედო ინსტრუქციას წარმოადგენდა. კერძოდ, სურკოვმა სეპარატისტებს მიუთითა, რომ უარი ეთქვათ რეგიონში გაერო-ს სამშვიდობო ძალების განლაგებაზე. ამავე წელს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სურკოვი ევრომაიდანზე სნაიპერების ხელმძღვანელობაში დადანაშაულა.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ სურკოვი აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. მას გაყინული აქვს ანგარიშები და აკრძალული აქვს ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში ჩასვლა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი პოსტიდან 2020 წლის თებერვალში გაათავისუფლა. 

კომენტარები