ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ. საარჩევნო პროცესი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში
vestnikkavkaza.net

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

ე.წ. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა ამჟამინდელი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ასევე, პარტია ნიხასის ლიდერი, დიმიტრი ტასოევი, ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერი, ალექსანდრე პლიევი და ე.წ. დეპუტატი, გარი მულდაროვი. 

ოკუპურებულ რეგიონში 32 000 ადამიანია რეგისტრირებული. ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნილია მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც. 

დე ფაქტო არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

"მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას.

საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ამასთან, არანაირი სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ უკანონო ნაბიჯზე".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები