რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ომში ბავშვების ჩართვას და მათ საზარბაზნე ხორცად გამოყენებას აპირებს – დენისოვა

Людмила Денісова / Facebook

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომში, მათ შორის, ოკუპირებული ყირიმის ე.წ. იუნარმიიდან ბავშვების ჩართვას აპირებს. დენისოვა წერს, რომ მიზეზი რუსი სამხედროების უდიდესი დანაკარგია.

"რუსეთის ხელისუფლება ომის დანაშაულებში მონაწილეობის მისაღებად ბავშვების ჩართვას აპირებს და მათ საზარბაზნე ხორცად გადააქცევს. უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, მათ შორის, დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთი სწრაფად ზრდის "იუნარმიის" დანაყოფების ქსელს. წლის დასაწყისიდან მათ რიგებს 16.5 ათასი ახალგაზრდა შეუერთდა და 85 ახალი რაზმი შეიქმნა". – წერს დენისოვა.

უკრაინის ომბუდსმენი წერს, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების ომში ჩართვა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები