რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ირლანდიის პარლამენტს: გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ დიდებული უკრაინის ხელახლა აშენებაში

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ირლანდიელებო, თქვენ პირველივე დღიდან მხარს უჭერთ უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია ნეიტრალური ქვეყანაა, თქვენ არ დარჩით ნეიტრალურები იმ საშინელების მიმართ, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის. მე ძალიან მადლიერი ვარ, რადგან თქვენ შეურთდით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მადლიერნი ვართ ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერისთვისაც. ომის დაწყების შემდეგ, 10 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება, - მათ თქვენს მიწაზე თავშესაფარი იპოვეს. 

რუსეთს უკრაინასთან მიმართებით კვლავ აქვს გეგმები. მათი მიზანი მთელი უკრაინის ოკუპაციაა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და კოალიციური მუშაობა ევროპის სხვა ლიდერებთან. დააწესეთ უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მართლაც მოახერხებს რუსული ომის მანქანის შეჩერებას. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, უნდა შევაჩეროთ ტრანზაქციები რუსულ ბანკებში, შევუზღუდოთ შემოსავლის წყაროები ენერგორესურსებზე, რომლებსაც ომის დასაფინანსებლად იყენებენ. ის, რაც დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება, ევროპის ლიდერების პრინციპული მოქმედებაა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეგიძლიათ არსებითი მდგომარეობის შეცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ გაერთიანებული ევროპა შეძლებს რუსეთის იმპერიის შეჩერებას, თუმცა, აღარ შეიძლება ამ პროცესის დაყოვნება. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მძიმე იქნება მისი შედეგები არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ჩვენი კონტინენტისთვის. ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ირლანდიელებო, ჩვენი პრინციპულობა, გამბედაობა, თანამშრომლობა, ჩვენი თანამეგობრობის გაღრმავება მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია, ეს აუცილებლად მოხდება. ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ განვითარებულ ქვეყნებს, მათ შორის თქვენ, გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ დიდებული უკრაინის ხელახლა აშენებაში. 

დღეს ირლანდია თქვენი ღირებულებებით, თქვენი ეკონომიკური პოტენციალითაა ცნობილი. მოდით, დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ უკრაინასა და ირლანდიის თანამშრომლობას შეუძლია იმაზე მეტი, ვიდრე მსოფლიოში ყველაზე დიდ იმპერიას, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს. 

დიდება უკრაინას! 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ირლანდიის პარლამენტში.

კომენტარები