რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საგარეო კულებაზე: მსგავსი განცხადებები აზარალებს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებას გამოეხმაურა. დარსალიას თქმით, უკრაინული მხარისგან მსგავსი განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს.

"სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე. მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას.

ამასთანავე, ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში". – თქვა დარსალიამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ საქართველოსგან ელოდებიან მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომ ქვეყანა რუსეთს არ ეხმარება. საპასუხოდ, ქართული ოცნება "კატეგორიულად მოითხოვს", უკრაინამ "ამაზრზენ ბრალდებაზე" მტკიცებულებები თავად წარადგინოს. 

5 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანელიძე უკრაინის დაზვერვის მიერ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს შეხვდა. უწყება აცხადებს, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა, ხოლო უკრაინის წარმომადგენლებმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება ვერ წარადგინა.

4 მარტს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. სუს-ი აცხადებს, რომ თუ უკრაინა მათ მტკიცებულებებს არ მიაწოდებს, ჩაითვლება, რომ განცხადება პროვოკაციული ნაბიჯია.

კომენტარები