რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ველოდებით მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა ელოდება საქართველოს ხელისუფლებისგან მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ საქართველო რუსეთის ხელისუფლებას სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. 

კულებას თქმით, უკრაინის მოვალეობაა გააკონტროლოს ქვეყნები და უზრუნველყოს, რომ ისინი რუსეთს სანქციების ავლაში ხელს არ შეუწყობენ.

"ჩვენ რომ არ გვქონოდა გავლენა საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთზე სანქციების გავლენა მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ არ გვაქვს გავლენა ქვეყანაზე, ჩვენ ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც აქვს მასზე გავლენა და ისე ვმუშაობთ, რომ ისინი რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლაში არ დაეხმარონ". – თქვა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვა მტკიცებულებები და დამაჯერებელი არგუმენტები, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყენებს და მხოლოდ ამ მტკიცებულებებისა და არგუმენტების შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ მოიმოქმედონ.

"რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება". – თქვა კულებამ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

საქართველოს ტერიტორიით კონტრაბანდის მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე ისაუბრა უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმაც.

"ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს". – თქვა ვერეშჩუკმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები