რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საგარეო: უკრაინის რწმუნებულს შევხვდით, კონტრაბანდაზე რაიმე მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანელიძე უკრაინის დაზვერვის მიერ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს შეხვდა. უწყება აცხადებს, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა, ხოლო უკრაინის წარმომადგენლებმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება ვერ წარადგინა.

"უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირები არსებობს და სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება. ცალსახად აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების – უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ შორის დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით" . – ნათქვამია განცხადებაში.

4 მარტს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. სუს-ი აცხადებს, რომ თუ უკრაინა მათ მტკიცებულებებს არ მიაწოდებს, ჩაითვლება, რომ განცხადება პროვოკაციული ნაბიჯია.

კომენტარები