რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრაისი: ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ, შედეგები მოყვება

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. 

პრაისის თქმით, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.

"მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ რაიმე დავასაბუთო, ან ვისაუბრო თქვენ მიერ ნახსენებ ბრალდებებზე. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია და სუვერენული ტერიტორიის წართმევის მცდელობა. ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას. მათ შორის მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს გაერო-ში, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს. მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით  ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში  ჩვენს კოლეგებთან და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტზე ყოფნას". – თქვა პრაისმა

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის მცდელობას, რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში შეუწყოს ხელი, შედეგები მოჰყვება.

"რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე რომ ვთქვა, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ აშშ-სა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს, ან ის ქვეყნები, რომლებიც სხვაგვარად ცდილობენ მხარი დაუჭირონ კრემლის ომს - რუსეთისთვის ფინანსური მხარდაჭერით, მომარაგებით, იარაღით უზრუნველყოფით - მათ ქმედებებს შედეგები მოყვება. შედეგები იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობისას ან რაიმე ისეთი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც სხვაგვარად დაეხმარება მოსკოვის ომს". – ამბობს პრაისი

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

საქართველოს ტერიტორიით კონტრაბანდის მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე ისაუბრა უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმაც.

"ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს". – თქვა ვერეშჩუკმა ფორმულას ეთერში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

"საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები