აქცია უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად

ჩერგოლეიშვილი: აქციის მიზანი იმის გააზრებაა, რომ ყველაფერი უბრძოლველად არ უნდა დავთმოთ

თამარ ჩერგოლეიშვილი

დღეს, 3 აპრილს საქართველოს პარლამენტთან უკრაინისა და საქართველოს თავისუფლების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ აქციის მიზანი არა რომელიმე პარტიის, სამოქალაქო პირის ან პოლიტიკოსის წინ წამოწევა, არამედ პასუხისმგებლობის გააზრებაა, რომ "ყველაფერი უბრძოლველად არ დავთმოთ". 

"ვართ საფრთხის წინაშე, რომ ძალიან ცოტა ხანში თბილისიდან 40 კილომეტრში გავიდეთ და გვითხრან, რომ იქ რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ფედერაციის საზღვარია. ერთია, ჩვენ რას ვაღიარებთ და რას არა, მაგრამ მეორეა, როგორი შეურაცხყოფა შეიძლება მოგვადგეს მაშინ, როდესაც ასეთი რამ ხდება და ჩვენ ხმას არ ვიღებთ, იმიტომ, რომ ხელისუფლება გვყავს, რომელიც ბუჩქებშია ჩამალული. 

დღევანდელი აქციის მიზანი არ არის რომელიმე პარტიის, რომელიმე სამოქალაქო პირის ან რომელიმე პოლიტიკოსის წინ წამოწევა. დღევანდელი აქციის მიზანია, ჩვენ ყველამ ერთად გავიაზროთ, რამხელა ფასია გადახდილი იმაში, რომ ჩვენ აქამდე მოვსულიყავით და რამხელა პასუხისმგებლობა გვაწევს, რომ ეს ყველაფერი უბრძოლველად არ დავთმოთ და ყველამ ერთად კარგად გავიაზროთ, რატომ ღირს ამ ქვეყნისთვის ბრძოლა, რატომ არ გვაქვს სასოწარკვეთის უფლება და რატომ უნდა გავიტანოთ ის ესტაფეტა, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა ძალიან ბევრი იბრძოლეს და ბევრი სისხლი დაღვარეს. ეს აქცია მიძღვნილი იქნება იმ ისტორიული მისიისთვის, რის გამოც ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა. დეპრესიაშია საზოგადოება და მგონია, რომ დიდი მიზნის დანახვებით შევძლებთ, ძალა მოვიკრიბოთ და საერთო მისიის გარშემო გავერთიანდეთ". - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

აქცია პარლამენტთან 20:00 საათზე გაიმართება - ორგანიზატორები ევროპული საქართველო, ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება არიან.   

კომენტარები