უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად აქცია

ჩერგოლეიშვილი: აქციაზე ნაჩვენები იქნება თაობათა ბრძოლა ჩვენი ისტორიული მიზნისთვის

ეს აქცია არ ემსგავსება არცერთ სხვა აქციას, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. არ გვეყოლება სპიკერები, არა იმიტომ, რომ სათქმელი არ იქნება, არამედ ამ აქციაზე რეალურად ნაჩვენები იქნება თაობათა ბრძოლა ჩვენი ისტორიული მიზნისთვის. თუ როგორ არის ერთმანეთს გადაჯაჭვული ჩვენი და უკრაინის ბედი. შევეცადეთ, თვალი გაგვესწორებინა იმ რეალობისთვის, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლებიდან არცერთს არ გვაქვს ის რეპუტაცია, რომ ხალხს მივმართოთ იმ ფორმით, რომ არავინ გავაღიზიანოთ. მიუნჰაუზენები ჩვენ არ ვართ, რომ იმ ჭაობში, რაშიც ვიმყოფებით, თავებში ხელი მოვიკიდოთ და ჩვენით ამოვიყვანოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უფრო დიდი მიზანი გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომელიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ და ჩვენი პოლიტიკოსები ვართ. აქციაზე გვექნება სიურპრიზები, სავარაუდოდ გამოფენა, ასევე კლიპის პრეზენტაცია, რომელიც ჩვენი საჩუქარი იქნება უკრაინელი ხალხისთვის. მოკლედ, კარგი ღონისძიება იქნება იმის გასახსენებლად, თუ რა გვაერთიანებს ჩვენ ყველას.

განაცხადა ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა. 3 აპრილს, ევროპული საქართველოს, ტაბულას, თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია "უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად" იმართება.

კომენტარები