რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე: კონფლიქტს ისევ ვიღაც მბრძანებელი იწვევს, ანაქრონულ პრეტენზიებშია ჩაკეტილი

პაპი ფრანცისკე
Reuters

პაპმა ფრანცისკემ მალტაში ვიზიტის დროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. თავის სიტყვაში პაპმა გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ არ დაუსახელებია.

"ევროპის აღმოსავლეთიდან, აისის ქვეყნიდან ახლა ომის ბნელი ჩრდილი გავრცელდა. ვფიქრობდით, რომ სხვა ქვეყნებში შეჭრა, ქუჩის სასტიკი ბრძოლა და ატომური იარაღით მუქარა შორეული წარსულის საშინელი მოგონებებიღა იყო. თუმცა ომის ყინულოვანმა ქარმა, რომელიც თავის გზაზე მხოლოდ სიკვდილს, ნგრევას და სიძულვილს ტოვებს, ძლიერად დაქროლა ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე და ყველას შეგვეხო.

კონფლიქტებს ისევ ვიღაც მბრძანებელი იწვევს და აქეზებს, რომელიც, სამწუხაროდ, ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონულ პრეტენზიებშია ჩაკეტილი. მაშინ როცა ჩვეულებრივი ადამიანები ხედავენ საჭიროებას ააშენონ მომავალი, რომელიც ან გაზიარებული იქნება, ან საერთოდ არ იარსებებს. ახლა, კაცობრიობაზე ჩამოწოლილი ომის ღამის დროს მოდით ნუ მივცემთ მშვიდობის იმედს ჩაქრობის საშუალებას." - თქვა პაპმა მალტაში ვიზიტის დროს.

მალტაში ჩასვლამდე პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები