ოკუპირებული ცხინვალი

აშშ: არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს.

"ვგმობთ საქართველოს ნაწილების რუსეთის მიმდინარე ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია. შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები საქართველოსთან, დააბრუნოს ძალები კონფლიქტის წინა პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობებს, არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, საქართველოს ნაწილის, [ე.წ.] სამხრეთ ოსეთის მომავალი.

აშშ-მ როგორც არ აღიარა ყირიმის 2014 წლის არალეგალური ანექსია, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის ცინიკურ მცდელობას, აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინაშ ე.წ. დსრ-სა და ლსრ-ს დამოუკიდებლობა... არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". – თქვა ნედ პრაისმა.

ასევე, ნედ პრაისის თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოსა და მოლდოვას "გვერდით დგომას".

"გავაგრძელებთ ამ ქვეყნებთან (საქართველო და მოლდოვა) დგომას, გავაგრძელებთ მოსკოვისთვის ძალიან ცხადი სიგნალის გაგზავნას, რომ აგრესია მეზობლების წინააღმდეგ მიუღებელია და მტკიცე პასუხს მიიღებენ". – აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს

30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა, რომ ჩატარდებოდა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი.

"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ" – თქვა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

ბიბილოვის თქმით, თუ ოკუპირებული რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შევა, ის, როგორც შიდასახელმწიფოებრივი ერთეული, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდება.

კომენტარები