რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩავუშოღლუ: კულება და ლავროვი მორიგი შეხვედრის გასამართად მზად არიან

Alona Nikolayevych/Ukrinform/NurPhoto/AP

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მორიგი შეხვედრის გასამართად მზად არიან.

"დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა გვაცნობეს, რომ შეხვედრისთვის მზად არიან. უახლოეს 1-2 კვირაში შესაძლოა, გაიმართოს შეხვედრა, სულ მცირე, უკრაინისია და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე". - თქვა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს თქმით, უკრაინისა და რუსეთის სამშვიდობო დელეგაციის შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ "უფრო დიდი მნიშვნელობის" საკითხები, უფრო მაღალ დონეზე უნდა გადაწყდეს.

"დელეგაციებს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება. მასთან ერთად, გაიმართება მინისტრებს შორის შეხვედრა, სადაც დამტკიცდება იქ მიღებული გადაწყვეტილებები. ამის შემდეგი ეტაპი კი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრაა". - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ამასთან, ჩავუშოღლუ იმედოვნებს, რომ მხარეები მოლაპარაკებების ადგილად კვლავ სტამბოლს აირჩევენ, რადგან მისი თქმით, თურქული მეგაპოლისი ორივე მხარისთვის მოსახერხებელი ადგილია. მათ შორის, ლოგისტიკის კუთხით.

გარდა ამისა, ჩავუშოღლუმ უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნად ქცევის შემთხვევაში ომში ჩაერთვება და უკრაინაში სამხედრო ძალებს გაგზავნის.

კომენტარები