რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პრაქტიკულად, უკვე გენოფონდი დავკარგეთ" – კოკოითი უკრაინაში გაგზავნილ სამხედროებზე

ედუარდ კოკოითი

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი მარიონეტი პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი მხარდამჭერებთან შეხვედრისას ამბობს, რომ უკრაინაში საომრად გაგზავნილ სამხედროებს "ელემენტარული პირობები" უნდა ჰქონდეთ. ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.  

"ეს საზარბაზნე ხორცი არ არის, ძალიან ცოტანი ვართ, ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე გენოფონდი დავკარგეთ". - თქვა მან მედიის ცნობით. 

კოკოითი ამბობს, რომ უკრაინაში სამხედროები, შესაძლოა, დაიღუპონ და ეს ის ახალგაზრდობაა, რომელიც "ახლა დგება ფეხზე". კოკოითიმ ისაუბრა უკრაინაში ოკუპანტების მხარეს მებრძოლ, დაღუპულ ანდრეი ბაკაევზე, რომელსაც, მისი ინფორმაციით, შვილი დარჩა. 

"ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი წააგებს, ჩვენ ყველა ვაგებთ - ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ოსეთში არცერთი ადამიანი არ ამბობს არას. პირიქით, ჩვენ ვამბობთ - დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინს, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს. ეს არის ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორების მოვალეობა". - ამბობს ის.  

16 მარტს Эхо Кавказа-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში საომრად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები კონტრაქტორები გაგზავნა, რომლებიც აქ მყოფ მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჯავშანტექნიკის გადაადგილების კადრები, რომლებშიც ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები ოკუპირებულ რეგიონს ტოვებდნენ. ზოგიერთ კადრში ჩანს როკის გვირაბიც. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები