ქართული ოცნება

პრეზიდენტი ამბობს, რომ 2021 წლიდან ელჩების ყველა კანდიდატს დათანხმდა – მთავრობა ტყუილს უწოდებს

საქართველოს მთავრობა ტყუილს უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებას, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილი 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით მისთვის წარდგენილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყველა კანდიდატს დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ პრეზიდენტის მიერ ელჩების კანდიდატების უარყოფის მიზეზით ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო დავა დააანონსა.

29 მარტს მედიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ პერიოდში მთავრობის მიერ წარდგენილ ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად 12-ვე კანდიდატს დათანხმდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს.

"გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი". – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამ განცხადებას მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხიც, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ტყუილში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

"საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება". – ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირესრომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია. 

15 მარტს ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას იწყებს. პარტიის განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას მოითხოვენ.

არსებული კანონმდებლობით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს ამ დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი.

კომენტარები