რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.

"რუსეთის მიერ კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირება, შეიძლება, იყოს საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ყურადღება გადაატანინოს და მოატყუოს ხალხი, რათა იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს". – თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ის ვერ ხედავს რეალურად სერიოზულ ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები "წინ ეფექტურად მიიწევს".

"არის ის, რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელს ვაქცევთ ყურადღებას". – თქვა ბლინკენმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები