უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა

სუბარი: უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან მთელი რიგი განცხადებები მიუღებელია

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოში გააქტიურდა ე.წ. ომის პარტია, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა. სამწუხაროდ, ამ პარტიას საზღვრებს მიღმაც ბევრი მხარდამჭერი და თანამგრძნობი გამოუჩნდა. სწორედ ამას ნიშნავს, როდესაც მოგვიწოდებენ, რომ რუსეთი დასუსტდა და ახლა დადგა დრო, როდესაც საქართველომ დაკარგული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად მიუღებელია, როცა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირი ტექსტით მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ. გუშინ გამოქვეყნდა უკრაინის რადას დეპუტატის, ვოლოდიმირ ვიატროვიჩის მოწოდება, რომ თითქოს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის უპირატესობა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია. კიდევ ერთი დღით ადრე კი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარებოდა უკრაინას და ის შეფასებაც მოაყოლა, რომ რბილად რომ ვთქვათ, საქართველო არც თუ ისე სწორად იქცევა. მეც ძალიან რბილად ვიტყვი, მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები არამეგობრული და მიუღებელია. ნაციონალური მოძრაობა არწმუნებს მათ, რომ საქართველოში შესაძლებელია მეორე ფრონტის გახსნა და ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები