რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მოსკოვი შეშინებულია რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუს გამო

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის მცდელობას, ცენზურა დაედო რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუზე. მისი თქმით, მოსკოვი "შეშინებულია" ჟურნალისტებით, "რომლებსაც  სიმართლის თქმა შეუძლიათ".

"ჩვენი ძლიერი ქვეყნის ძლიერო ხალხო. დღეს არის დღე, როდესაც ვრწმუნდები, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან ძალიან შორს ვართ.

[...] მოსკოვს დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ჩემი ინტერვიუსი შეეშინდა. იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ სიმართლე თქვან". - თქვა ზელენსკიმ.

27 მარტს, რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველმა ორგანომ, როსკომნადზორმა რუსულ მედიას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩაწერილი ინტერვიუს გაშუქება აუკრძალა.

"როსკომნადზორი აფრთხილებს რუსულ მედიას ამ ინტერვიუს გაშვებისგან თავის შეკავების საჭიროების შესახებ". – წერია რუსეთის მარეგულირებელი ორგანოს განცხადებაში

როსკომნადზორში ასევე აღნიშნეს, რომ დაწყებულია იმ რუსულ მედიებზე გამოძიება, რომლებმაც უკრაინის ლიდერთან ჩაწერეს ინტერვიუ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები