რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: აშშ-ს არ აქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვაგან

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს არ აქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში. ბლინკენმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვების შესახებ შეკითხვას უპასუხა.

"ვფიქრობ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა გუშინ ღამით განმარტეს, რომ პრეზიდენტ პუტინს უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეს უფლება აწარმოოს ომი, ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის, ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც უკვე იცით და როგორც არაერთხელ გსმენიათ, ჩვენ არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის შემთხვევაში, ეს ხალხის გადასაწყვეტია". – თქვა ბლინკენმა.

ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა – "ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში".

მოგვიანებით ბაიდენის სიტყვები თეთრი სახლის წარმომადგენელმა განმარტა და თქვა, რომ პრეზიდენტს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება და იგი მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონზე პუტინის ძალაუფლების გავრცელებაზე საუბრობდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები