რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა წითელ ჯვარს სთხოვს, არ გახსნას პუნქტი დონის როსტოვში

უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) სთხოვა, არ გახსნას პუნქტი რუსეთში, დონის როსტოვში, რადგან ეს ლეგიტიმურს გახდის მოსკოვის "ჰუმანიტარულ დერეფნებს" და უკრაინელთა გატაცებას. 

ICRC-ის ხელმძღვანელმა, პიტერ მაურერმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციამდე, პირველ რიგში უკრაინულ და რუსულ სამხედრო ძალებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება იყო საჭირო. 

რუსული მედია იტყობინება, რომ პიტერ მაურერმა რუსეთს დონის როსტოვში წითელი ჯვრის პუნქტის გახსნაში დახმარება სთხოვა.

უკრაინის პარლამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხაილო რადუცკიმ წითელ ჯვარს გეგმების შეცვლისკენ მოუწოდა.

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოგიწოდებთ, არ მისცეთ რუსულ "ჰუმანიტარულ დერეფნებს" ლეგიტიმაცია და არ შეუწყოთ ხელი უკრაინელი ხალხის გატაცებასა და მათ იძულებით დეპორტაციას." - თქვა რადუცკიმ.

დონის როსტოვი რუსეთის უდიდესი ქალაქია, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობს. ამ ტერიტორიას რუსეთი ომის ზონიდან გადაყვანილი მოსახლეობის დროებითი განთავსების ბანაკებად იყენებს. 

რუსეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მათ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის გაიყვანეს უკრაინიდან, რაც მათი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ნაწილია და მოსახლეობის დენაციფიკაციას უწყობს ხელს. 

უკრაინა აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკანონოდ გადაასახლა ათასობით ადამიანი, მათ შორის, დაახლოებით 15 000 მარიუპოლელი.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები