საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის განსაკუთრებული ჰუმანიტარული ოპერაციის პირობების განხილვას გეგმავს.
"ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული დისკუსია მარიუპოლის მერთან და უკრაინის სხვა წარმომადგენლებთან. ჩვენ შემდეგ რუსულ მხარესთან გვექნება მოლაპარაკებები". – თქვა მაკრონმა
მაკრონის თქმით, ოპერაციის მიზანია მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება და მასში მონაწილეობას ასევე თურქეთი და საბერძნეთი მიიღებენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





