რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ხარკოვში იმ პოლიკლინიკას ესროლეს, სადაც დახმარება რიგდებოდა - დაიღუპა 4 პირი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, ერთ-ერთ პოლიკლინიკას, სადაც ჰუმანიტარული დახმარება რიგდებოდა, არტილერიიდან და გრადებიდან ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 7-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

"რუსი ოკუპანტები კვლავაც აგრძელებენ ომის დანაშაულს. 25 მარტის დილას მათ ხარკოვის ერთ-ერთ პოლიკლინიკას ცეცხლი გაუხსნეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარება რიგდებოდა. დაიღუპა 4, ხოლო დაიჭრა 7-ზე მეტი მოქალაქე. ნათელია, რომ მტერს პანიკის დათესვა სურს. ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სამარცხვინო დანაშაულებრივი ქმედებების გამო დიდ ფასს გადაიხდიან". - წერს სინეგუბოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები