რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი ბირთვულ იარაღზე: თუ ჩვენთვის ეგზისტენციალური საფრთხე იქნება, შეიძლება, გამოვიყენოთ

TASS

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს უკრაინაში ჯერ კიდევ არ მიუღწევია სამხედრო მიზნებისთვის. CNN-თან ინტერვიუში პესკოვმა უარი თქვა გამოერიცხა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. 

კითხვაზე, რა პირობებში გამოიყენებს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს, პესკოვმა უპასუხა:

"თუ იარსებებს ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ, შეიძლება, ის გამოვიყენოთ".

პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" კრემლის გეგმის მიხედვით მიდის. მან გაიმეორა ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები და თქვა, რომ "ოპერაციის" მთავარი მიზნები "უკრაინის სამხედრო პოტენციალის აღმოფხვრა", "ნაციონალისტური ბატალიონების" თავიდან მოშორება და იმის უზრუნველყოფაა, რომ უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა იქნება.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილია და უკრაინამ უნდა აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის "დამოუკიდებელი სახელმწიფოები".

ინტერვიუში პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში თავს დაესხა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ცნობის თანახმად, რუსებმა იერიში მრავალ სამოქალაქო ობიექტებზეც მიიტანეს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები