პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახებს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ მათ გადმოსასვენებლად ყველაფერი გააკეთა.
"მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო რუსეთის აგრესიას უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ უნდა დავგმოთ ჩვენ ყველამ ერთად. საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. აქვე მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. 3 ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ჩემი ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი იბრძოდა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ასევე აგვისტოს ომში. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში". – თქვა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა მთავრობა დაღუპული მერძოლებისთვის გმირის წოდების მინიჭებას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამას შეასბამისი სამსახურები განიხილავენ და ჟურნალისტებს მოუწოდა, "სპეკულირება" არ გააგრძელონ.
მინდა ყველას მოგიწოდოთ, ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკდვილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას, მოსახლეობის დაძაბვას. არ არის საჭირო ასეთი გარდაცვლილი ბიჭებით, მათი სიკდვილით მანიპულირება.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ბახვა ჩიქობავა 19 მარტს ქალაქ მარიუპოლში, ხოლო გია ბერიაშვილი და დათო რატიანი 18 მარტს ქალაქ ირპენში დაიღუპნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.





