რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინელებმა 80 წლის წინ ებრაელების გადარჩენა აირჩიეს, ახლა ისრაელსაც აქვს არჩევანი

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

ისრაელის პარლამენტისთვის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დედა ქალაქში ჰოლოკოსტის მემორიალთან, ბაბინ იართან ახლოს სარაკეტო თავდასხმა გაიხსენა.

"თქვენ იცით, რომ ეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალია და აქ არის ებრაელი ხალხის სასაფლაო, სადაც ისრაელიდან ათობით ათასი ადამიანი ჩამოდის რაბინი ნაჩმანის საფლავის მოსანახულებლად. [...] რა დარჩება უკრაინის ქალაქებისგან ამ ომის შემდეგ?" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელის პარლამენტის წევრებს დახმარება სთხოვა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ტკივილს გრძნობთ, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ველოდებით ჯერ კიდევ თქვენს დახმარებას როცა სხვა ქვეყნები გვეხმარებიან? [...] რა არის ეს? გულგრილობა? პოლიტიკური გათვლა? მედიაცია მხარის არჩევის გარეშე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ მოგანდობთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გულგრილობა კლავს. გათვლები შესაძლოა მცდარი იყოს. მედიაცია შესაძლებელია ქვეყნებს შორის, მაგრამ არა სიკეთესა და ბოროტებას შორის" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს ჰკითხა, რატომ არ მიაწოდა ისრაელმა უკრაინას იარაღი ან რატომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი საუკეთესოა მსოფლიოში. ჯერ კიდევ 2021 წელს უკრაინას ამ თავდაცვის სისტემის შესყიდვა სურდა.

"თქვენ იცით როგორ დაიცვათ თქვენი ინტერესები და დაეხმაროთ უკრაინასაც. დაიცვათ უკრაინელები. დაიცვათ უკრაინის ებრაელები. თქვენ ბევრჯერ გთხოვეთ, მაგრამ იარაღი არ მიგვიღია თქვენგან. რატომ არ დაუწესა ისრაელმა სერიოზული სანქციები რუსეთს. ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ და ამ პასუხებთან იცხოვროთ." - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ თავისი არჩევანი 80 წლის წინ გააკეთა და ახლა ისრაელი იმავე არჩევანის წინაშეა.

"უკრაინელებმა თავისი არჩევანი 80 წლის წინ გააკეთეს, როცა ებრალები გადაარჩინეს [...] ისრაელის ხალხო, ახლა თქვენც გაქვთ არჩევანი." - თქვა ზელენსკიმ მიმართვის ბოლოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები