რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება

სერგეი ლავროვი
Vijesti

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება. 

"მაშინ, როცა დასავლეთი ძირს უთხრის ყველა იმ საფუძველს, რომელზედაც დგას საერთაშორისო სისტემა, ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც დიდმა ძალამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება". - აღნიშნა ლავროვმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან სატელეფონო საუბრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება. 18 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი და მსგავსი კრიზისები არავის ინტერესებში არ შედის. საუბრის დროს ჯო ბაიდენმა სი ძინფინგი გააფრთხილა, რომ თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში ქმედებებისთვის მატერიალურად დაეხმარება, ამას "შედეგები" მოჰყვება. 

გასულ დღეებში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს 5 სახის სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, მათ შორის რაკეტები, დრონები, ჯავშანმანქანები და ლოგისტიკური მანქანები. ინფორმაცია უარყო ჩინეთის საელჩომ აშშ-ში.

ამას გარდა, 14 მარტს კვლავ FT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ მოკავშირეებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა სამხედრო სფეროში რუსეთის დახმარების შესაძლებლობაზე მიანიშნა. გამოცემა ინფორმაციას საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკვე 17 მარტს ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიანრონგმა თქვა, რომ ჩინეთი უკრაინას "არასდროს დაესხმება თავს".

კომენტარები